ჩეხური პროექტი (რას აპირებს საქართველოსთან?)

ივნ 20, 2024 - 02:50
 136
ჩეხური პროექტი (რას აპირებს საქართველოსთან?)
ივან ჰაშეკმა ვრცლად ისაუბრა პორტუგალიასთან წაგების მერე. მოკლე ამონარიდებს გთავაზობთ... თან ჩეხური პრესის ვარაუდსაც.
 
ჰაშეკი, როგორც იცით, ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელია. პორტუგალიასთან 1:2 წააგეს.
22 ივნისს კი ჰამბურგში ისეთი თამაშია...
 
ჰაშეკი ქართველებსაც შეეხო - რა თქმა უნდა, დადებით კონტექსტში.
 
„ორივე გოლზე ძალიან გავბრაზდი. მეორემ განსაკუთრებით გამამწარა. სრულიად არასაჭირო მდგომარეობაში შევცდით. მეორე მხრივ, ცოტას არ ნიშნავს, რომ პორტუგალიას ამდენი პრობლემა შევუქმენით. სამწუხაროდ უნდა ვაღიარო, რომ უკეთეს ნაკრებთან წავაგეთ. თამაშით ისინი იმსახურებდნენ გამარჯვებას.
...დაცვით ფაზაში კარგად ვთამაშობდით, ბევრი შანსი არ შევაქმნევინეთ. ძალა არ შეგვრჩა. უბრალოდ, პორტუგალია ძალიან ძლიერია.
...დიახ, ტომაშ სოუჩეკმა ტრავმა მიიღო და მაინც დაასრულა მატჩი. სოუჩეკს დიდი გული აქვს. ჩვენი კაპიტანია. ექიმების დასკვნა ჯერ არ მინახავს. ჯერ არ მაქვს ცნობა, რომელიმე ფეხბურთელს პრობლემა აქვს.
 
...პაველ შულცი? შრომისმოყვარე და დიდი ტალანტია. ნახავდით, რამდენი ირბინა წინ და უკან. სამწუხაროდ, კუნთის დაჭიმულობის გამო მოგვიწია მისი გამოცვლა.
...თურქეთ-საქართველოს მატჩი? რა თქმა უნდა, იქ გაგზავნილი გვყავდა დამკვირვებლები. საქართველო ხარისხიანი ნაკრებია და ჰყავს მშვენიერი ფეხბურთელები. თავი უნდა ავწიოთ და უკეთ ვითამაშოთ.
 
...შემადგენლობაში ცვლილებები? აუცილებლად გვექნება. პორტუგალიასთან ფლანგელები შეცვლაზე შემოვიყვანეთ, ხიტილი და ლინგრიც აქტიურები იყვნენ. კარგად დაიჭირეს ბურტი ბარაკმა და შევჩიკმაც“.
ჩეხური პრესის ვარაუდით, ცენტრალური ნახევარმცველი ბარაკი საქართველოსთან ძირითადში დაიწყებს. შულცი, შესაძლოა, ტრავმის გამო არ იყოს და მისი ადგილი ან სწორედ ხიტილმა, ან ლინგრმა დაიკავოს. პროვოდმა მშვენიერი გოლი გაიტანა და მასაც უეჭველად ელიან ძირითადში.