სუპერ მატჩი და ბრძოლაში გაყოფილი ქულები

ივნ 20, 2024 - 02:44
 115
სუპერ მატჩი და ბრძოლაში გაყოფილი ქულები
ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის მატჩი გაიმართა. B ჯგუფში ხორვატია - ალბანეთი შეხვდნენ ერთმანეთს და თამაში 2:2 დასრულდა.
 
შეხვედრა ხორვატთა უპირატესობით დაიწყო. ბურთს უმეტესად ისინი ფლობდნენ და მეტოქის კართანაც დიდ დროს ატარებდნენ. ამის მიუხედავად, ანგარიში ალბანელებმა გახსნეს. მე-11 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ასანის ჩაწოდების შემდეგ, ლაჩიმ თავით შეაგდო.
 
გოლის შემდეგაც ხორვატების უპირატესობა იყო და ბევრს უტევდნენ, თუმცა ალბანელები ბოლომდე იბრძოდნენ და მეტოქეს გატანის საშუალებას არ აძლევდნენ.
 
მეორე ნახევარში ხორვატია ბევრს ეცადა და საბოლოოდ მიზანსაც მიაღწია. 74-ე წუთზე ხორვატების შეტევა კრამარიჩმა დაასრულა, რომელმაც ჯერ საჯარიმოში მცველი მოატყუა და შემდეგ შეაგდო. 2 წუთში ხორვატები ჯიასილის ავტოგოლით წინ გავიდნენ.
 
გაშვებული გოლის შემდეგ ალბანეთი გააქტიურდა. გუნდს დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა და ბოლომდე შეუტია. საბოლოოდ ამან შედეგი 95-ე წუთზე გამოიღო. ჯიასილმა ავტოგოლის შემდეგ, გოლიც გაიფორმა და გუნდს ქულა გადაურჩინა.
 
საბოლოოდ ბრწყინვალე მატჩი ვიხილეთ, სადაც ორივე გუნდმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და თამაშიდან გამომდინარე, ფრე ლოგიკური შედეგი არის.