ლუკაკუს ცუდი მატჩი და 2 არჩათვლილი გოლი - პირველი სენსაცია ევრო 2024-ზე

ივნ 20, 2024 - 02:41
 135
ლუკაკუს ცუდი მატჩი და 2 არჩათვლილი გოლი - პირველი სენსაცია ევრო 2024-ზე

“ფრანკფურტ არენაზე“ E ჯგუფის ფავორიტმა, ბელგიის ნაკრებმა სტატუსი ვერ გაამართლა და სლოვაკეთთან 0:1 დამარცხდა. 

დომენიკო ტედესკოს გაწვრთნილმა გუნდმა მატჩი თითქოს კარგად დაიწყო და საწყის წუთებში სახიფათო მომენტებიც შექმნა, მაგრამ ამ მომენტების რეალიზება არ გამოუვიდა.

საწყის 5 წუთში ძალიან კარგად გამოიყურებოდა მანჩესტერ სიტის შემტევი ჟერემი დოკუ, თუმცა მე-7 წუთზე საკუთარ კართან ახლოს დაშვებული უხეში შეცდომის შემდეგ, სლოვაკთა თავდამსხმელმა, ივანმა შრანცმა, ანგარიში გახსნა.

უნდა ითქვას, რომ სლოვაკებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს: ბევრისთვის მოულოდნელად პირველ ტაიმში მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ და რომ არა კასტელსის კარგი თამაში, შესვენებაზე 2-ბურთიანი უპირატესობითაც გავიდოდნენ.

ცუდი მატჩი ჰქონდა ბელგიელთა ყველა დროის ბომბარდირს, რომელუ ლუკაკუს. პირველ ტაიმში 10-იანს რამდენიმე კარგი შანსი შეექმნა, თუმცა ყველა შემთხვევაში არადამაჯერებელი იყო.

ლუკაკუს VAR-მა 2 გოლი გაუუქმა

ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო სლოვაკეთის ნაკრებისა და ნაპოლის ფეხბურთელი, სტანისლავ ლობოტკა. ნახევარმცველმა ნაპოლის საჩემპიონო სეზონი გაგვახსენა, რომელიც ფაქტობრივად უშეცდომოდ ჩაამთავრა.

ლუკაკუს უიღბლობა მეორე ნახევარშიც გაგრძელდა. 57-ე წუთზე რომელუმ დაუცველ კარში გაიტანა, მაგრამ სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, VAR-მა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა. VAR-ის ჩარევით გაუქმდა ლუკაკუს მეორე გოლიც. ამჯერად, საგოლე გადაცემამდე ოპენდას ბურთი ხელზე მოხვდა და გოლიც ამიტომ გაუქმდა.

მოკლედ, E ჯგუფი ძალიან საინტერესოდ და მოულოდნელად დაიწყო. პირველი ტურის შემდეგ ჯგუფს რუმინელები ლიდერობენ, მეორე პოზიციაზე სლოვაკეთია და უკრაინასთან გასამართ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ელოდება.

საინტერესო ფაქტები