თოვლი თეთრია, შაქირი გოლებს ხატავს

ივნ 20, 2024 - 02:32
 151
თოვლი თეთრია, შაქირი გოლებს ხატავს
შვეიცარია-შოტლანდია 1:1 დასრულდა. ეს A ჯგუფის მეორე ტურში.
 
ცხრილიდან გამომდინარე, საქართველოსთვის უფრო კარგი იქნებოდა შვეიცარიელთა გამარჯვება, მაგრამ ჯერ კიდევ რეალური შანსია, რომ ამ ჯგუფის მესამეადგილოსანი მერვედფინალში ვერ გავიდეს. ეს, თუ ბოლო ტურში უნგრეთი-შოტლანდია ფრედ დასრულდება. ან შესაძლოა უნგრეთმა გაიმარჯვოს და მაინც ჩარჩეს - სამი ქულა უეჭველად გამსვლელი არაა.
 
მაგრამ ეს ვარაუდებია. თამაშს რაც შეეხება, ორივე გოლი საწყის 26 წუთში გავიდა. ჯერ სკოტ მაკტომინეიმ დააწინაურა სქოთები, მერე კი ვნახეთ შვეიცარიელი ჯერდან შაქირის შორიდან ჩახვეული მაღალ კუთხეში. მშვენიერი გოლი.
 
და შაქირის მიღწევა: ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო სამ ევროპაზე და სამ მსოფლიოზე მინიმუმ ერთი გოლი გაიტანა. ანუ, ბოლო 6 დიდ ფორუმზე. თან უმეტესად რომ ლამაზი გოლები გააქვს... ერთი განსაკუთრებით: 2016 წელს მაკრატელა პოლონეთთან. ან დღევანდელს რა დაეწუნებოდა?!
 
მოკლედ, როგორც თოვლი თეთრია, ან ლიმონი ყვითელია, ისე შაქირის ერთი ლამაზი გოლი მაინც გააქვს დიდ ტურნირებზე.
 
მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, ვნახეთ არჩათვლილი გოლებიც. აი, ბოლოს შვეიცარიელმა მანუელ აკანჯიმ თითქმის ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი, თორემ მაკტომინეი ჩასაფრებული იყო მელასავით.
 
შვეიცარია-შოტლანდია 1:1
 
გოლები: 0:1 მაკტომინეი (13), 1:1 შაქირი (26)
 
ს ა უ კ ე თ ე ს ო (MVP)
 
შაქირი - უკვე დავწერეთ, რატომაც. ეს ბრწყინვალე გოლი, ფაქტობრივად, გამსვლელი იყო ჯგუფიდან.