იენს სტოლტენბერგი - ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი მხარს უჭერენ რუსეთის ომს - მათ შეერთებული შტატების, ნატო-ს მარცხი სურთ

ივნ 19, 2024 - 23:09
 34
იენს სტოლტენბერგი - ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი მხარს უჭერენ რუსეთის ომს - მათ შეერთებული შტატების, ნატო-ს მარცხი სურთ

ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, მათ სურთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო დამარცხდნენ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მშვიდობიან დემოკრატიულ ერზე სასტიკი თავდასხმაა. ამ ომს მხარს უჭერენ ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი. მათ სურთ შეერთებული შტატების მარცხი. მათ სურთ ნატო-ს მარცხი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, თუ მათ უკრაინაში წარმატებას მიაღწიეს, მსოფლიო უფრო სახიფათო გახდება.

„თუ ათ უკრაინაში წარმატებას მიაღწიეს, ეს ჩვენ უფრო დაუცველს გაგვხდის და მსოფლიოს უფრო სახიფათოს. ასე რომ, უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ქველმოქმედება არ არის. ეს ჩვენივე უსაფრთხოების ინტერესებშია“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, მით მალე დასრულდება ომი.

„ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაცია არ გვთავაზობს მშვიდობას და პუტინის წინაშე კაპიტულაცია არ იძლევა უსაფრთხოებას. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი მხარდაჭერა, მით უფრო მალე დასრულდება ომი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.