პროკურატურის ინიცირებით, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მეოთხე დამატებით ოქმს და კიბერდანაშაულის შესახებ კონვენციის მეორე დამატებით ოქმს გაძლიერებული თანამშრომლობისა და ელექტრონული მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე ხელი მოეწერა

ივნ 19, 2024 - 22:48
 20
პროკურატურის ინიცირებით, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მეოთხე დამატებით ოქმს და კიბერდანაშაულის შესახებ კონვენციის მეორე დამატებით ოქმს გაძლიერებული თანამშრომლობისა და ელექტრონული მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე ხელი მოეწერა

საქართველოს პროკურატურის ინიცირებით, 2024 წლის 17 ივნისს, ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენციის მეოთხე დამატებით ოქმს და კიბერდანაშაულის შესახებ 2001 წლის კონვენციის მეორე დამატებით ოქმს გაძლიერებული თანამშრომლობისა და ელექტრონული მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე ხელი მოეწერა. აღნიშნული სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტიანობის გაუმჯობესების თვალსაზრისით მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მეოთხე დამატებითი ოქმი კონვენციისა და მისი სამი დამატებითი ოქმის დებულებების შევსებასა და მოდერნიზაციას ითვალისწინებს, რათა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების კვალდაკვალ მათი ადაპტაცია თანამედროვე გამოწვევებთან და საჭიროებებთან მოხდეს. ცვლილებები ძირითადად ეხება ექსტრადიციის ფარგლებში ხანდაზმულობის ვადებს, სახელმწიფოთა შორის კომუნიკაციის თანამედროვე არხების და საშუალებების გამოყენებას, წარსადგენ დოკუმენტაციას, სპეციალობის წესს და ტრანზიტის საკითხებს.

კიბერდანაშაულის შესახებ კონვენციის მეორე დამატებითი ოქმი გაძლიერებული თანამშრომლობისა და ელექტრონული მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე ამარტივებს და აჩქარებს საზღვრებს მიღმა არსებული ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების პროცესს. კიბერდანაშაულის მზარდი მაჩვენებლებისა და საერთაშორისო ელემენტების მატების ფონზე, ის მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობებს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ახალი რეგულაციების თანახმად, ფართოვდება სამართალდამცავ ორგანოებსა და უცხოურ ინტერნეტ მომსახურებების მიმწოდებელ კომპანიებს შორის თანამშრომლობის, გადაუდებელ შემთხვევებში ქვეყნებს შორის ელექტრონული მტკიცებულებების სასწრაფო გაცვლისა და კომპლექსური კიბერდანაშაულის საქმეებზე მულტიეროვნული საგამოძიებო ჯგუფების შექმნის შესაძლებლობები. გაუმჯობესებული სამართალდაცვითი მექანიზმების პარალელურად, დოკუმენტი ადამიანის უფლებებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მყარ სამართლებრივ ჩარჩოს აწესებს ოქმით გათვალისწინებული სამართალდაცვითი ფუნქციების აღსრულებისას.

საქართველოს პროკურატურა ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მეოთხე დამატებითი ოქმის და კიბერდანაშაულის შესახებ კონვენციის მეორე დამატებით ოქმის ხელმოსაწერად მზადების პროცესში წარმმართველი უწყება იყო.

საქართველოს სახელით აღნიშნულ დამატებით ოქმებს ხელი მოაწერა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, თამარ ტალიაშვილმა, ხოლო ევროპის საბჭოს სახელით დოკუმენტს ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ბიორნ ბერგემ. ხელმოწერის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები.